Thursday, February 4, 2010

Five Years

2 თვის წინ წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რამდენად შეიცვლებოდა ჩემი თავისუფალი და უდარდელი ცხოვრება. არც მინდოდა მეფიქრა ამაზე.

ხო იცით, ადამიანი ყველაფერს გვიან აფასებს. ან ძალადობის გზით აფასებინებენ. მე რომ 2 თვის წინ გააზრებული მქონოდა, თუ რა დაბრკოლებები მოჰყვებოდა მხოლოდ 1 დღეს.... მაგრამ არა! ადამიანი სულსწრაფია, ინსტინქტებზე დამოკიდებული, სუსტი და უნიათო!

არადა, რა უდარდელი ყოფილა თინეიჯერობა! არავინ ზედმეტ კითხვას არ გისვამს, უბრალოდ ელოდებიან.... ელოდებიან, როდის აღარ გერქმევა თინეიჯერი და როდის შეძლებენ საკუთარი ბოროტი განზრახვების ასრულებას... მოკლედ, ელოდებიან, როდის გახდები 20 წლის.

20 წელი დიდი გარდატეხის ასაკია, მეგობრებო. ეს წელი გოგოსთვის, თავისი მნიშვნელობით, შეგვიძლია გავუტოლოთ ბიჭების 14-15 წელს. აი ამ წლებში ხდება რაღაც დიდი, რაღაც გრანდიოზული, რაღაც მნიშვნელოვანი, რაღაც ქართული. აი ამ წლებში დედებს/მამებს/ბებიებს/ბაბუებს/ნათესავებს/მეზობლებს/მეგობრებს/გამვლელებს/ხაჭაპურის გამყიდვლებს ვაგზალზე/მასწავლებლებს/ლექტორებს საშუალება ეძლევათ გვითხრან ის, რაზეც დიდი ხანი ოცნებობდნენ. ხან რაფაელოებს გვჩუქნიდნენ, ხან სათვალის ქვემოდან გვიცქერდნენ, ხარ მზრუნველობით გვკოცნიდნენ შუბლზე, ხან ღამ-ღამობით არ ეძინათ(მეზობლებს და მეზობლების ნათესავებს, მით უმეტეს). ელოდნენ იმ ძვირფას წამს, როდესაც გაერთიანებული ძალებით შეძლებდნენ ეთქვათ ჩვენთვის:

(ბიჭებისთვის) - ქალებში წაგიყვან მამიკო! / ქალებში წაიყვანენ! / ქალებში იყავი? / ქალების დრო გაქ შე მამაძაღლო შენა, მიაიმასქენი მამაშენს! / რა ბიჭი დამდგარხარ, დაკაცებულხარ! კი გინდა ახლა შენ კაი ქალი! / კაი იყო? :სექსუალურისმაილი:

(გოგოებისთვის) - გათხოვების დრო გაქ, შვილი, დიდი გოგო ხარ უკვე / არ თხოვდები? / არაფერს აპირებ? / არავინ გყავს? / უი, რატოო? / უი, რატოო? / უი, რატოო? / :შეცხადებისსმაილი:

არადა, ვერც შეამჩნევ, ისე იწყება ყველაფერი:

ჯერ დამრიგებელი გხვდება გაჩერებაზე(ჯერ კიდევ 2 თვის წინ) და ათასი რამის(ვინმე ხო არ გათხოვილა ჩვენი კლასიდან?) კითხვის შემდეგ, შეტევაზე გადმოდის. შენ მხრებს იჩეჩავ და გაკვირვებული სახით თავს იმართლებ, რომ ჯერ მხოლოდ 19 წლის ხარ. დამრიგებელს სახე ებადრება და ჯერ ადრეა, ჯერ ადრეა-ს ძახებით გემშვიდობება.

მაგრამ, ჰოი მუხთალო წუთისოფელო, შენ ჯერ კიდევ არ იცი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და დაბნეულობის/გაკვირვების/მხრებისაჩეჩვის გრძნობა გულში ბოროტად დაგცინის და I'll be back-ო გეუბნება.

ჰოდა, დაპირებისამებრ, ასე უმოწყალოდ ბრუნდება ნებისმიერ დროს - როდესაც მიდიხარ შენს ძველ სკოლაში, ან როცა ხედავ შენს ძველ ნაცნობებს/ნათესავებს და პირველი კითხვის(როგორ ხარ, რას შვრები) შემდეგ ყველგან გეხუმრებიან - ’ჰა, რას შვრება შენი პირადი ცხოვრება, არ თხოვდები?’ შენც ცალყბად პასუხობ რამეს, მერე მიმართავ ერთგულ ’ნაუშნიკებს’ და თავს იმშვიდებ, რომ 25 წლამდე ჯერ კიდე გაქვს დრო, რომ მთელი 5 წელი წინაა! თუმცა, ირჟის უთქვამს, ოპტიმიზმს დიდხანს არავინ დაგაცდისო და უეცრად ავტობუსში სხვა ნაცნობი გხვდება და თავიდან იწყება ყველაფერი(ისე, ამ გახსენებაზე, მეფიქრა ირჟიზე, იავიცი. მშვენიერი ჯიშიანი ბიჭი მეძლეოდა).

მაგრამ დაბნეულობის/გაკვირვების/მხრებისაჩეჩვის გრძნობის ზეიმი ჯერ კიდევ არ დამდგარა თვენს ცხოვრებაში, თუ ბებიათქვენის დაბადებისდღე მის მეზობლებთან ერთად არ აღგინიშნავთ, თანაც, ახალ სახლში. არაფერი იმაზე უკეთესი არაა, როდესაც 10 თქვენგან არცთუ ისე საყვარელი ადამიანი(ერთ-ერთზე პოსტიც კი გაქვთ დაწერილი ადრე) სახლში შემოდის და რიგრიგობით გკოცნის. მერე იწყება ოთახების თვალიერება. ჯგუფ-ჯგუფად. მერე ქეიფი, ქალური სადღეგრძელოები(ანუ განსხვავებულების გარეშე და წრუპვით) და ყველაფერი ტკბილი და საყვარელი.

ქეიფს თავის ტკივილის მიზეზით აკლდებით და ოთახში შედიხართ, მაგრამ სად გაექცევით მეორედ გადაკოცნის რიტუალს წასვლის წინ(მაშასადამე, მთელი 20 გულითადი კოცნა 1 დღეში!) ? ვაი, რომ ვერსად. და სად გაექცევით იმ კითხვას, ოთახში რო ემალებოდით მთელი ეს დრო?

მოკლედ, ოთახის კიდევ ერთხელ შეთვალიერების შემდეგ მეზობლები ასკვნიან, რომ სახლში ყველაზე ლამაზი ოთახი გაქვს. შენ იჯგიმები და იკრიჭები მანამ, სანამ ერთ-ერთი არ იხუმრებს: ’კიდე ეს უნდოდა ამას, ახლა საერთოდ აღარ გათხოვდება’. არამარტო შენ ბრაზდები ამ ფრაზაზე, დანარჩენებიც აპროტესტებენ - ’რად უნდა კაცო გათხოვება ჯერ, ერთი 2-3 წელი არაა პრობლემა, მარა შენ წელს ამთავრებ ხო? რავიცი... ისე ახალგაზრდა დედა რო გყავს შენ, ხო კაია, ხო ამაყობ?’

აქ არას თქმას აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც წამოგცდება ხანდახან ადამიანს. გინახავთ ათი გაკვირვებული სახე ერთად? აი ათივეს პირი რო O-ს ფორმას იღებს? საოცარი სანახავია, ბუნების შედევრია პირდაპირ!

მოკლედ, მე აღარ მინდა გავაოცო ჩემი კეთილის მსურველები. აღარ მინდა გავუცრუო იმედები და დავანგრიო მათი ოცნების კოშკები... მხოლოდ ის მამშვიდებს, რომ 25 წლამდე კიდევ დიდი დროა, მთელი 5 წელი! მე მჯერა, რომ ოდესმე, უნივერსიტეტისკენ ჩქარი ნაბიჯით მიმავალი, დავეჯახები სიმპატიურ ბიჭს და დავაყრევინებ ხელიდან დიდი რაოდენობის წიგნებს(ან ის დამაყრევინებს მე. დეტალებს მნიშვნელობა არ აქვს). მერე დავიხრები მისახმარებლად და უეცრად შუბლს შუბლზე მივარტყამ...

გაგრძელება კი ქორწილის მერე იქნება...

Tuesday, January 12, 2010

როგორ ბლოგებს არ ვკითხულობ

იდეა, წყარო და მუზა: http://sweet.ge/blogs-i-dont-read/

მიუხედავად იმისა, რომ ბლოგერი ვარ, არასოდეს არავინ მეკითხება, რომელ ბლოგს ვკითხულობ ან არ ვკითხულობ, თუმცა სხვების დისკუსიაში ხშირად ჩამიკვეხებია საკუთარი აზრი. შედეგად, ამ დროს არავინ მსაყვედურობს - არცერთი ჩემგან ქოქოლადაყრილი ბლოგის ავტორი(ან ავტორის მეგობარი) ჩემი მეგობარი(ან მეგობრის მეგობარი) არ არის.

კომენტებსაც იშვიათად ვტოვებ. ამ ბოლო დროს ხშირად მაწუხებს აზრი, რო ისედაც ყველა ყველაფერს ხვდება. არ ვიცი, სახელდობრ რომელი ტიპის პარანოიასთან მაქვს საქმე, ეტყობა ფეისბუქის იმ ეფლიქეიშენმა იმოქმედა, გამჭვირვალობის ილუზიას რო აძლევს იუზერების დიდ ნაწილს.

ხუმრობა იქით იყოს, დღეს დავფიქრდი, რატომ არასოდეს უკითხავთ ჩემთვის როგორი ბლოგები არ მომწონს, რატო არავის უდავია ჩემთან ამა თუ იმ ბლოგის ავკარგიანობაზე, რატომ არ გადაქცეულა ეს დავა ჩხუბად და ეს ჩხუბი ბლოგის ავტორის პიროვნული თვისებების ჩამოთვლით არ დასრულებულა.

დღეს დილით, როდესაც გავიღვიძე, უცნაური გრძნობა მქონდა. მივხვდი, ჩემი უწინდელი ცხოვრებისთვის ბოლო უნდა მომეღო. დავფიქრდი და გადავწყვიტე, რაღაც შემეცვალა. რატომაც არა! რა ჯობია, როდესაც ბლოგერების უმეტესობას გადაიმტერებ და სიამოვნებით დააკვირდები, დღითიდღე როგორ აკლდება შენს პოსტებს კომენტარები(ქლიბები) და ერთ მშვენიერ დღეს, სასოწარკვეთილი, საკუთარ თავს ოთახში დაგდებულს, არყის ბოთლით ხელში, იპოვი.


ვიზუალური მხარე:

გინახავთ ჩემი მეზობელი მაია? ჰმ, ბევრი დაგიკარგავთ. მაია არის ძალიან მსუქანი(თითქმის გიგანტური), ძალიან მაღალი(იმდენად, რო ბავშვებს აშინებენ, მაია მოვა და შეგჭამსო. აი მაიას ბავშვებს ვიღათი აშინებენ, არ ვიცი) და ბანჯგვლიანი ქალი(მიმიქარავს ბარდემის სურათი, ჩემთან რო დავდე), რომელსაც ერთხელ ბებიაჩემმა კითხა რაღაც გახდომაზე. მაიამ, როგორ გეკადრებათო! უბრალოდ ქალური ვარო, ზოგიერთებივით გამხმარი არ ვარო(ბებიაჩემს დაუნამიოკა ალბათ. ბებიაჩემი მხოლოდ ასრაღაცა კილოა).

დამიჯერეთ, ზუსტად იგივე ვრცელდება ბლოგებზეც.

მოკლედ, მე არ ვკითხულობ ბლოგს, თუ:
1. ბლოგზე შესვლისას თავი მგონია
ა. ბარბი და იმდენად შევდივარ როლში, რო ნელ-ნელა ყბების მოძრაობა მიქვეითდება და მარტო სახსრების გაშლა/მოკეცვით ვირთობ თავს(ჩემს დროს უფრო მოდერნიზებული ბარბები არ იყო და შესაბამისად, ჩემი ფანტაზიაც ამაზე შორს ვერ მიდის).
ასეთ ბლოგებს გოგოშკურ ბლოგებს ვეძახი, მყისვე მტკივდება მენტალობა და (აქ უნდა იყოს ’ეგრევე ვხურავ’, თუმცა უნამუსოდ მოვიტყუები, ეგ რო ვთქვა) მიღიზიანდება მაზოხიზმი;

ბ. დაკარგული საცოდავი ცხვარი, რომელმაც იარა, იარა, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა და როგორც იქნა მიაგნო კეთილ და გულისხმიერ ბლოგერთა სამფლობელოს.

გ. სასოწარკვეთილი ბლოგერი, რომელიც არამარტო ვერ უწყობს ფეხს თვითერებს და სხვადასხვა სასარგებლო რაღაცეებს, არამედ ერთ აგურსაც კი არ დებს ქართული ბლოგსივრცის განვითარებისთვის. გარდა ამისა, როგორც შეამჩნიეთ, აწუხებს კომპლექსები, რომელსაც წარმატებით წერს პოსტის პირველი პუნქტის ’გ’ ქვეთავში.

2. გადატენილია მბრჭყვინავი, ბრწყინავი, კაშკაშა რაღაცეებით, რომლებსაც ზემოდან აწერია ჩემთვის გაურკვეველი სიმბოლოები(აქტიური ბლოგერი და ხუთოსანი მოსწავლე არ ვარ და მომეტევება არცოდნა).


შინაარსობრივი მხარე:

ტექნიკური მხარე გამოვტოვეთ(არ მიყვარს ობიექტურ რაღაცეებზე საუბარი), გადავედით ისევ სუბიექტურზე.

დარწმუნებული ვარ, დიდხანს ელოდით ჩემს აზრს აღნიშნულ საკითხზე. ისხედით და ფიქრობდით, ღმერთო ჩემო, ნეტა ახლა, როცა ამ პოსტს ვწერ და შუაღამე იწვის, დნება, რას აკეთებს ბუდა. ძინავს თუ არ ძინავს. წევს თუ არ წევს. მერე ალბათ ამოწმებდით ფეისბუქს, მწვანედ ენთო თუ თეთრად დიდი ბრიკოლერის პროფილი. ააააა, თეთრად? ე.ი. თამაშობს, ან სადმე დაძვრება. იქნებ ჩემს ბლოგს კითხულობს???? ოოოო, ღმერთო ჩემო! მოეწონება თუ არა ბუდას ჩემი წინა პოსტი? წინის წინა? წინის წინის წინა?

მე გადავწყვიტე ბოლო მოვუღო თქვენს ტანჯვას. გამოცოცხლდით, დააჭყიტეთ თვალები და ღრმად ჩაისუნთქეთ! აი სიმართლეც - მე არასოდეს ვკითხულობ:

1. ბლოგებს, რომელიც სავსეა რჩევებით იმაზე, თუ როგორ უნდა ვიყოთ კარგი მეგობრები, ცოლები, ქმრები, დები, ძმები, მოსწავლეები, სტუდენტები, სიზმრის მნახველები, შვილები, მშობლები და ა.შ. მოკლედ, კოსმოპოლიტენის ბლოგ-ვერსიები ვერ აღმაგზნებს.

2. უცხოურ ბლოგებს. მეზარება.

3. ემო-ბლოგებს, რომლებშიც სულ ცუდად არიან და სულ ტირიან. აი ისეთ ბლოგებს, თავი რო დედა ტერეზა გგონია და კომენტებში აუცილებლად უნდა დაამშვიდო ბლოგერი. ოღონდ ყველა პოსტის კომენტებში. მერე შედიხარ კომენტების გრაფაში და აღმოაჩენ, რომ დედა ტერეზობა მარტო შენი მადლიანობის გამოძახილი არაა, გული გწყდება საკუთარ სტანდარტულობაზე და გაბრაზებული აჭერ გამორთვას.

ჰოდა, ბლოგერებო, თუ ზემოთ აღნიშნული ორი პუნქტიდან რომელიმე თქვენც გეხებათ(მეორე პუნქტს ვერ ჩავთვლი გასაგები მიზეზების გამო), ნუ იდარდებთ, მე ამას თქვენს სასიკეთოდ ვწერ! იმისთვის, რომ თქვენ მიაღწიოთ თქვენს ბლოგ-მიზნებს, გქონდეთ მდიდარი ბლოგ-ისტორია და იყოთ ბლოგ-ამაყები. მოკლედ, ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს და თქვენ.

დანარჩენ ბლოგებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს, პირადსაც და თემატურსაც ერთნაირი სიხშირით ვკითხულობ - თვეში ერთხელ. მეც მყავს ჩემი ლიუბიმჩიკები, თუმცა მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან, მიუხედავად იმისა, რო არც კომენტებით ვეუბნები ამას და არც სხვა საშუალებით, მაინც მგონია, რომ მათ იციან, რომ ჩემი ლიუბიმჩიკები არიან. და მჯერა, რომ ოდესმე აუცილებლად გამოიგონებენ გამჭვირვალეობის ვიდჯეტს ბლოგებისთვისაც :ჯუმპ:

გარდა ამისა, თვალსაჩინოებისთვის აუცილებელია აღვნიშნო, რო ყველა ბლოგი ისეთი უნდა იყოს, როგორიც ჩემი. მე ვარ მიზანი, მე ვარ მაგალითი, მე ვარ იდეალი(ქართული ოღონდ. უცხოურებამდე ვერ ვქაჩავ ჯერ)!

პ.ს. არაა საჭირო გადამეტებული კრიტიკულობა ჩემს მიმართ. ვიხუმრე და არ გეწყინოთ.

კეთილი სურვილებით, ხუთ თვეში ერთხელ გამომანათებელი ბუდა.

Tuesday, September 22, 2009

საზაფხულო რომანი ანუ შუფუტინსკის ფარული ძალა

ის, რომ შუფუტინსკი და ჩვენი ნატო გელაშვილი ერთმანეთისთვის არიან შექმნილები, ერთერთი აღმოჩენა იყო, რაც ბოლო ერთი თვის მანძილზე გავაკეთე. რა მოხდებოდა მათ რომ ერთმანეთი ეპოვნათ? ალბათ ნატო აღარ იმღერებდა ჩამეხუტემომეფერემაკოცეგამათბე სიმღერებს, იამაყებდა თავისი ქმრის ცოტა მოძველბიჭურო, მაგრამ მაინც რომანტიული ხასიათით, დაქალებს გააცნობდა თითო-თითოდ და თვალებიდან სიყვარულები გადმოეღვრებოდა მისი ცქერისას.

რა მოხდებოდა მაშინ, ყველაფერი შუფუტინსკით რომ არ დაწყებულიყო? რა მოხდებოდა, სხვა ’მარშრუტკით’ რომ წავსულიყავი რაჭაში, სადაც მძღოლს ოაზისი ექნებოდა ჩართული? შემოიჭრებოდა თუ არა ჩემს ცხოვრებაში ირჟი დანეში?

მე მჯერა, რო შემთხვევით არაფერი ხდება. არავის გაქვთ ალბათ შუფუტინსკის ალბომი ხუთჯერ მოსმენილი ჩემს გარდა(’მარშრუტკები’: თბილისი-რაჭა, რაჭა-თბილისი, თბილისი-ბათუმი, ქობულეთი-თბილისი; ტაქსი: ბათუმი-ქობულეთი) და არავინ შეხვედრიხართ ისეთ ირჟი დანეშს, როგორსაც მე შევხვდი.

ირჟი ჩემს ცხოვრებაში სწრაფად შემოიჭრა. ახლა ვზივარ და ვფიქრობ მის ბავშვობაზე, წარმოვიდგენ როგორ თამაშობდა ომობანას, როგორ ეძახდა გოგონებთან მოთამაშე ძმაკაცს ’ქალების მაჩალკას’, როგორ ამყარებდა ’პალაჟენიას’ კლასში, როგორ მიყავდა მამას 13 წლისა ბოზებში, როგორ ემატებოდა ტატუები წლებთან ერთად და როგორ ღრმავდებოდა მათი სიმბოლიკა მისი ცოდნის გაღრმავების კვალდაკვალ. თუ ირჟის პირველი ტატუ ’ი+კ=შ’ იყო, ბოლო დაახლოებით ასე ჟღერდა - ’ძმობა, ერთობა, სიყვარული’. მიყვარს პროგრესირებადი ადამიანები :D

ბევრ რამეში გაუმართლა ირჟის. გოგოები თავს ეხვივნენ, ტატუებს უთვალიერებდნენ და ბნედა ემართებოდათ მის მზრუნველ მიმართვაზე - ’მოდი ჩემთან, მომიჯექი’. თანდათან ამ გოგონების სურათებით ივსებოდა მისი მობილური(ასევე სელfშოთებით, აქცენტით კუნთებზე). არასდროს დამავიწყდება მისი ტონი, როდესაც ამ სურათებს მაჩვენებდა და მისი სიტყვები - ეს ჩემი ყოფილი ბოზია, ეს უფრო ყოფილი, ეს ამჟამინდელი, ეს მომავალი.’ ახლა ვნანობ, პროტესტი რომ გამოვთქვი, მე რო კაცი ვიყო, ამით არ ვიამაყებდი-მეთქი. მხოლოდ მერეღა გავიგე რომ მას მეგობარი გოგონები არ ყავდა, ყველას ’სხვანაირად’ უყურებდა და ამით ამაყობდა კიდეც(პ.ს. ბიჭებს - ეს შებმის ერთ-ერთი ხერხი ყოფილა). აი აქ ჩავუღრმავდი მის პიროვნებას, რაღაცეები ამოვქექე......და შემეცოდა :D

ფაქტიურად კურიოზია, ირჟიმ თავი მუხლებზე რო დამადო და ნელ-ნელა ზევით მიიწევდა. ელდანაკრავივით წამოვვარდი, გინდა თუ არა შეშა უნდა მოვიტანო ცეცხლის დასანთებად-მეთქი. მაგრამ ირჟი რისი ირჟია ამ დროს მარტო დაგტოვოს. ფეთიანივით მეძახდა, ბუდა, არ გადავარდე, ჩემო ფუმფულა, ცოტა ფრთხილადო. მე კიდე უფრო და უფრო კიდისკენ მივიწევდი, გადმოსვლა რო ვერ გაერისკა :D ეჰ, ირჟი, ირჟი.... დანეშს ვერ ვეძახი, ის ჩემთვის ირჟია. არადა, დედამ ირჟი დამარქვა, მამამ დანეში, თეომ სერგო და ზოგი რას მეძახის, ზოგი რასო. ვცადე სიყვარულით კხმ დამეძახა, მაგრამ არ გამომივიდა.

ფაქტიურად კურიოზი II ანუ ფაქტიურად კურიოზის დაბრუნებაა ის, თუ როგორ ნაზად მიხუტებდა აკანკალებულს, როცა კამაზის თავზე ვისხედით და გადმოვარდნის მეშინოდა. ამან ძალიან შეძრა ირჟი. ამან ძალიან შემძრა მეც. არ ეძინა ირჟის, არ მეძინა მეეეეეეეეც... ამაზე იყო პირველი სმს, რომელიც მისგან მივიღე:

(ის - ირჟი დანეში სერგო
მე - საყვარელი, ცუნცულა, ფუმფულა, ჰაეროვანი, ფაფუკი, საძაგელი, ცუღლუტი და ეშმაკუნა ბუდა :D )

***
ის: ფხიზლობ ეშმაკუნა?
მე: კი :)
ის: დღეს არ გინდა ჩემი ნახვა?
მე: არა.

***
ის: ჩემი საყვარელი ბუდა სად არის? დღეს ამინდი თუ გამოვიდა, რამე საკაიფო პაეზდკას შევკერავთ.
მე: დღეს არა, სხვა გეგმები გვაქვს.

***
ის: რას შვრები სოფ?

***
ის: ჩემი ფუმფულა და ჰაეროვანი ვინ არი? მომენატრე საძაგელო ;) (უუუუ! საძაგელო, მიდი, გატყიპე ირჟი, არ უპასუხო მესიჯებზე, დასაჯე, ცუდი ბიჭია და იმსახურებს :D )

***
ის: სადმე წავიდეთ ცუნცულ, არ გინდა?
მე: არა, დღეს სხვა გეგმები გვაქვს და არა მგონია გამოვიდეს :(

***
ის: როგორ არი ჩემი ფაფუკი და საყვარელი არსება?
მე: ფეხები ტკივა ცოტათი :)
ის: მომენატრე შე ცუღლუტო ;)

***
ის: 7as akdteb patara 1 (მაპატიეთ ამ შრიფტისთვის, მაგრამ უბრალოდ დამნაშავე ვიქნებოდი ყველა ჰაეროვანი არსების წინაშე, ზუსტად რომ არ გადმომეკოპირებინა ეს მესიჯები)
მე: 9rafrs ( shgjen & (სხვა რა უნდა მეპასუხა იმ მესიჯზე?)
ის: mere 9amo 4ebs??? (ვინც ამას გამიშიფრავს, დაჯილდოვდება)
მე: zg2ab2 7aaaa!
ის: xxxl? m3 & y ? (ეს მე ასე გავიგე , xxxl-ო. იუ-ს(ანუ ყ-ს) აღარ მივაქციე ყურადღება. მერე მივხვდი, თურმე სხვა რამეს გულისხმობდა :D)
მე: S
ის: oks 1*

***
ის: bud sun hodok ez? (როდინობის კვირაში რას აკეთებო :D)
მე: irji ze kodoh sun!
ის: inglisuri ic4? magapi mtvralh tar. kiss y
მე: okul defteri
ის: guram fanchikidze ;) (okul defteric მშვენიერი მამულიშვილი იყო. რა, არა?)
მე: inver mania (ეს კიდე უკეთესი)
ის: ia tebe koxaiu uje
მე: ubenzakaniok :*
ის: gzass y to ;) budy na vek

***
ის: i miss you :( koxania xachu

***
ის: ტკბილად იძინე ჩემო პატარა, გაკოცე და გავიპარე :*


და მართლა გაიპარა.... მას მერე აღარ მოუწერია... ვზივარ და ვფიქრობ, რას აკეთებს ახლა ირჟი? სურათებს ათვალიერებს ან იღებს ალბათ. შესაძლოა მორიგ ტატუს იკეთებს, ასეთს მაგალითად - ’სუნ ჰოდოკ ეზ!’

ან ნაცნობ სიმღერას ღიღინებს, ჩეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეემსსაყვარელსიმღერას ღიღინებს, მე კი მაინც სამუდამოდ წავედი :D (@გია სურამელაშვილი)

Monday, July 13, 2009

გართობა უფასოდ - სურათებიანი პოსტი

ამ ბოლო დროს თითქმის ყოველდღე ვერთობი, დღეს ვისვენებ რატომღაც და პოსტის დაწერა გადავწყვიტე. შთაგონება მთაწმინდის პარკმა მომგვარა. 

გუშნინწინ მეგობრებმა გადავწყვიტეთ მთაწმინდაზე ასვლა და გართობა. წინა პოსტებიდან გეცოდინებათ, როგორ გულმხურვალედ მიყვარს ატრაქციონები(მიუხედავად იმისა, რომ მეშინია და თითქმის არასდროს ვჯდები განსაკუთრებით საშიშებზე და კოპებშეკრულებზე )

ჯერ ტაქსმა მოგვატყუა - იქ მიგვიყვანა, საიდანაც ასვლა არ შეიძლებოდა და ფული დაგვახია  , მერე ავტობუსში ვიღაც ბიჭმა არ მოგვაცილა მთელი გზა თვალი და შეგვაწუხა.

როგორც იქნა მივაღწიეთ პარკამდე და თვალებგაბრწყინებულები შევცვივდით. არ ვიცოდით საიდან დაგვეწყო თვალიერება, რუკას დავხედეთ, თუმცა სიხარულით დაბრმავებულებმა ვერც ის გავიგეთ ნორმალურად

მაგრამ ჰოი რომ ჩვენი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - მთელ პარკში მხოლოდ 2 ატრაქციონი იყო ისეთი, სადაც ჩავეტეოდით. გავედით ფასის გასაგებად და ბილეთების ასაღებად და ვაი რომ კიდევ ერთი ჰოი უნდა ვთქვა - 5 ლარი და 90 თეთრიო  ანუ ლარიანი ბარათი და 4.90 ატრაქციონი.

გაგვიკვირდა და რა გაგვიკვირდა! გავგიჟდით და რა გავგიჟდით!!!

ბოლოს და ბოლოს  ზოოპარკში ჩემი საყვარელი ატრაქცონი მხოლოდ 1 ლარი ღირს!

-------
ახლა რატომ მოვყევი ეს.
ბავშვებო,
სულაც არაა საჭირო 6 ლარის გადაყრა იმისთვის, რომ გაერთო

საჭიროა მხოლოდ 7 რამ:
1. მეგობარი ან მეგობრები
2. აივანი ან ფანჯარა
3. შამპუნი
4. ჭურჭლის სარეცხი ჟელე
5. ჭიქა
6. წყალი
7. სქელი ფურცლები









ოღონდ გაითვალისწინეთ ერთი რამ: ამ თამაშის შემდეგ თქვენს გარშემო ყველაფერი გაწებილი იქნება. ნუ, თქვენც გაწებილი იქნებით, შესაბამისად 

----
ასეთი გართობის იდეა rosies_lullaby-ს ამ კლიპზე მოუვიდა:

Herman Düne


Thursday, July 2, 2009

ინტელექტუალურ-მეცნიერულ-მხატვრულ-მაიმუნურ-მაწაკური პოსტი

პირველ რიგში, მინდა თავი ვიმართლო - ამ პოსტში მეცნიერებზე კი არ ვკაიფობ, არამედ ვცდილობ ხაზი გავუსვა ქართველი მთარგმნელების 'ვაჟკაცობას' და ქართველი მეცნიერების მიერ მთელი რიგი საკითხების 'სწორად ინტერპრეტირების’ და აზრის ’ცხადად’ ჩამოყალიბების უნარს.
ცოტა ცინიკურად გამომივა, მარა არა უშავს :)

პ.ს. შეცდომები დაშვებულია გაცნობიერებულად. ამავე მიზეზით წერია სისულელეებიც. ასევე გაცნობიერებულად არ გამოვიყენე ტერმინები(არადა ტერმინებით ბევრად საინტერესოა)
პ.პ.ს. რაც ყველაზე სამწუხაროა, არცერთი საღადაო და დასაცინი გამონათქვამი ჩემი გამოგონილი არაა, ემყარება ფაქტებს, რომლების ნაწილსაც პოსტის ბოლოს იხილავთ :) 

მაშ, დავიწყეთ:
(დრადადადან)

ბორელგ აგედსონი - 'ეგრევე'-ს ცნება


ინტელექტუალური ბიოგრაფია

ბორელგ აგედსონი ითვლება მოდერნისტი მოაზროვნის ბეკინსეილის(ქეითი არა) ინტელექტუალურ მიმდევრად. ის იზიარებდა დიდი მოაზროვნის ინტელექტუალურ იდეებს  და ინტელექტუალურ შეხედულებებს. თუ ბეკინსეილმა სოციოლოგიას შემატა ისეთი ინტელექტუალური ცნებები, როგორებიცაა ’მაშინ’, ’მაშასადამე’, ’მაშ’ და ’მნიშვნელობა’, აგედსონმა შემატა ინტელექტუალური ცნება ’ეგრევე’.

აგედსონი პირველად 22 წლის იყო ბეკინსეილის ნაშრომით(’მაშასადამე’, სოციალური ’მე’ და პოსტმოდერნისტული გემოვნება’) რომ აღფრთოვანდა. უფრო ზუსტად, ის ბეკინსეილის ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ და საზრიანობამ აღაფრთოვანა. ბეკინსეილი ხომ 18 წლის მანძილზე აბორიგენების ქცევას აკვირდებოდა და სიკვდილამდე 2 წლით ადრე შეძლო დაესკვნა სოციოლოგიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რამ: ’საზოგადოება ხან დადებითად აფასებს ინდივიდის ქმედებებს, ხან უარყოფითად.’


ისე ბიოგრაფია
აგედსონი დაიბადა 1950 წელს, 1974-ში დაოჯახდა პირველად, 1978-ში მეორედ, ხოლო 2001 წელს გარდაიცვალა.


ეგრევე’-ს ცნება
აგედსონმა სოციოლოგიას შემატა ისეთი მეტაძვირფასი ტერმინი, როგორიცაა ’ეგრევე’, თუმცა ვერ შეძლო გაერკვია ქონდა თუ არა ამ ტერმინს ზუსტი კოეფიციენტი და თუ ქონდა, რა იყო ეს. 

აგედსონის მიხედვით, ’ეგრევე’-ზე ფიქრი ადამიანს ნელ-ნელა ეპარება, როცა ის:
1. ორი ღამის უძინარია
2. მესამე ღამესაც გამთენიისას წვება, მაგრამ ვერ იძინებს
3. კომპიუტერთან ჯდომისგან თვალები ქუთუთოებზე ეწებება
4. დგება კომპიდან, მწვანე პიჟამოს იცმევს და წვება
5. თუმცა ვერ იძინებს, ახლა ლოგინიდან დგება და კომპს მიუჯდება(არადა რა ეპოსტება ნეტა?!)
6. (ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი) მხოლოდ იმის ძალა აქვს, იფიქროს, რომ როგორც კი თავს დადებს, ეგრევე დაეძინება.

(ეს ექვსი სიტუაციური მიმაგრება (თუ დამაგრება? თუ დამაგრება ბრჭყალებში? თუ მიმაგრება ბრჭყალებში?) უნდა იცოდეთ ხუთი თითივით! კოლოქვიუმზე მოვა! @ლექტორის შენიშვნა)

მეექვსე ’დამაგრებიდან’ გამომდინარე, თავის დადებიდან დაახლოებით 10 წუთში ინდივიდი აცნობიერებს, რომ ეს ’ეგრევე’, ის ’ეგრევე’ არ არის, თვითონ რომ ეგონა. თუმცა ის ვერ აცნობიერებს, აბა რომელ ’ეგრევე’-სთან აქვს საქმე.

შემდეგი 10 წუთი აქტორი ’ეგრევეს’ ახალი მნიშვნელობის ამოხსნაზე ფიქრობს, რადგან დაასკვნას რა არის ’ეგრევეს’ ახალი, ჯერ კიდევ მისთვის უცხო ’ეგრევე’-ს მნიშვნელობა, რათა  მისთვის ჯერკიდევ უცხო ’ეგრევე’-ს მნიშვნელობა გახდეს მისთვის ცხადი, შესაბამისად, გახდეს მისთვის მნიშვნელადი და ინდივიდი იყოს ბედნიერი, რათა მან ამოხსნა მისთვის მანამდე უცხო ’ეგრევე’-ს მნიშვნელობა(ვინც აქ მძიმეებს და კავშირებს დაითვლის, დაფიქრდება წინადადების მნიშვნელობაზე და იწვალებს, მიიღებს ჰაეროვან კოცნას ჩემგან@ეს არაა ლექტორის შენიშვნა).

თუმცა, აგედსონის აზრით/განაზრებით/ჰაზროვნებით/ ინდივიდი ვერ მიდის დასკვნამდე საბოლოოდ რამდენ წუთს, რამდენ წამს ან სულაც საათს უდრის ’ეგრევე’ და
1. ან იძინებს
2. ან კომპიუტერთან ჯდება დაწეპებული თვალებით

(მოცემულ შემთხვევაში აქტორი კომპიუტერთან ჯდება დაწეპებული თვალებით)

აგედსონი გამოყოფს იმ მიზეზს, თუ რატომ ვერ გამოითვალა ადამიანმა ’ეგრევე’-ს მნიშვნელობა
1. აქტორს არ აქვს მაგდენი ინტელექტუალური შესაძლებლობა

საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ
1. აგედსონმაც ვერ დაადგინა ’ეგრევე’-ს ფარდი რიცხვი, ანუ რამდენ წუთს ან წამს, ან საათს უდრიდა ცნება ’ეგრევე’.
(ეგრე უნდა მაგას! ჰმ, ინტელექტუალური შესაძლებლობა არ აქვს აქტორსო!)

სამაგიეროდ აგედსონმა დაასკვნა უმნიშვნელოვანესი და უინტელექტუალურესი რამ
1. ცნება ’ეგრევე’ და ცნება ’ახლავე’ საოცრად ახლოს დგას ერთმანეთთან. ისინი ერთიდაიმავე ელემენტებისგან არიან კონსტრუირებულნი.

ინტელექტუალურად კონსტრუირებულნი.


-----
დასკვნითი განაზრებების მაგიერ
(ლირიული გადახვევა)

სიკვდილამდე 2 წლით ადრე, როდესაც აგედსონმა ცხადად დაინახა, რომ ვერც თვითონ იაზრებდა რამდენ ხანს უდრიდა ცნება ’ეგრევე’ ან ’ახლავე’, თვითონაც იჯდა ხოლმე მწვანე პიჟამოთი თვალებშეწებებული კომპიუტერთან, სევდიანად ამოიხვნეშა. სევდიანად, მაგრამ ინტელექტუალურად. მან უცებ ბაბუამისის სურათს შეხედა კედელზე და............. ჰოი საოცრებავ და საკვირველებავ ერთად! გაახსენდა ბაბუამისის ნათქვამი - შვილო, ბორელგ, ორი ღამის უძინარ ადამიანს ყველაზე რაციონალური და ინტელექტუალური დასკვნები გამოაქვს და ყველაზე ინტელექტუალურ პოსტებს წერსო.

რაღაცა არსებობდა. რაღაცა მართლაც არსებობდა.  ინტელექტუალურად, მაგრამ ნამდვილად არსებობდა. ბორელგს ჩაეღიმა. მისი მედიდური ულვაშები სექსუალურად ათამაშდა რიგრიგობით, როგორც მხრები თამაშობენ ცეკვისას და თვალებიც თითქოს კი არ ეწებებოდნენ, არამედ შეგნებულად ეხუტებოდნენ ქუთუთოებს........  ბორელგი ადგა. გაიარ-გამოიარა. შემდეგ ჩამოჯდა. ისევ ადგა. წყალი დალია. შემდეგ ჩაი. მერე ჭამა. ტუალეტში გავიდა. მოვიდა. მერე აიღო ფურცელი და კალამი. და ოქროს ასოებით ჩაწერა: ’ეგრევე’ და ’ახლავე’ შეიძლება მთელ საუკუნესაც კი უდრიდეს!’

(ფარდის დაშვება)
(ტაში)
(ბრავო)
(ორი ღამის უძილარი ვარ და მომიტევეთ)
(იმიტო, რო მე ვარ დებილი)
(დიახ, მწვანე პიჟამო მაცვია)


ავტორის შენიშვნა
განსაკუთრებული მადლობა ირვინგ გოფმანს ჩემი მუზობისთვის. ამავე მიზეზით მადლობას ვუხდი მწვანე პიჟამოს(ბრჭყალების გარეშე), კომპიუტერს და უძილობას.


ინტელექტუალური მტკიცებულებები

 









ჩემი უსაყვარლესი სურათი


პ.ს. დანარჩენი ქუოუთების მოძიება და სურათების გადაღება დამეზარა

   

Thursday, June 4, 2009

15 წუთი დედამიწის გარშემო



მოკლედ, წინა ექსპერიმენტის დროს(იხ. წინა პოსტი) ფრიად გამიტაცა სხვადასხვა ადგილებში საკუთარი თავის გადასახლების იდეამ. ჰმ, რატომაც არა, ასე მოგზაურობასაც აქვს თავისი მუღამი. 


მე რო ინგლისში დავბადებულიყავი, ვიჩალიჩებდი Fრენი ჰილის გერლფრენდობაზე. და ძალიან მეყვარებოდა ვივლიდი კონცერტებზე  და ბლოგისთვის დრო არ მექნებოდა.

საფრანგეთში რომ მეცხოვრა, ცოტა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვიქნებოდი. ღვინოს მოვწრუპავდი და გადავკისკისებდი ხოლმე ნაზად მარა ქუსლიანებს არ ჩავიცვამდი

ინდოეთში რო დავბადებულიყავი, სავარაუდოდ, ცემით მომკლავდა ვინმე - ან ქმარი, ან მამა, ან ბიძა...

აი შვედეთში რომ მეცხოვრა, გავიგებდი იენს ლეკმანის ტელეფონს, მისამართს და ჩემს მეგობარს გავაცნობდი

ჰოო... აი იტალიაში რო მეცხოვრა(ჩემი ბაღნობის ოცნება), სანამ პიცის და სპაგეტის ჭამა მომკლავდა, მანამდე ვიმსუბუქყოფაქცევისქალებდი , ვიკისკისებდი და ღვინოს მოვწრუპავდი. მარა ქუსლიანს მაინც არ ჩავიცვამდი 

ირანში რო დავბადებულიყავი, ქმარი გამომაგდებდა აუცილებლად - ცეკვა არ ვიცი.

თურქეთში ან აზერბაიჯანში რო დავბადებულიყავი ბიჭები ბუზებივით დამეხვეოდნენ

ამერიკაში რო მეცხოვრა, ადამიანების უფლებების დაცვის რაღაცა ვიქნებოდი, პიჯაკით ვივლიდი, სერიოზული სახე მექნებოდა, მოკლედ შეჭრილი თმები და გრძელ-გრძელი ნაბიჯები. მარა ქუსლიანს მაინც არ ჩავიცვამდი  

ესტონეთში რო დავბადებულიყავი, მათხოვარი ვიქნებოდი ტარტუს ტერიტორიაზე, უჰუუ, სწორედ ის მათხოვარი  

Saturday, May 30, 2009

სისხლის ყივილი: დიდი მადლობა პატრულს, რომ XXI საუკუნეში ვცხოვრობ


მოკლედ, სიტუაცია რო უფრო ცხადი იყოს, შესავალივით გეტყვით, რომ მამაჩემთან ხშირად ვდაობ ხოლმე ქართულ ტრადიციებზე, ლიბერალიზმზე და მსგავს ’სერიოზულ’ საკითხებზე. დავის დროს მამაჩემი 9847239874328478923ჯერ ახსენებს სიტყვა გენებს, სისხლს და ა.შ. ჰოოდა, ავდექი(არადა დავწექი) და დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორი ვიქნებოდი სხვა გარემოში რო დავბადებულიყავი. მაგალითად, 17-18 საუკუნეების მთიულეთში.

ჯერ თვალწინ ჩემი თავი წარმომიდგა მთიულური ტანსაცმლით და მომენტალურად დამცხა(მაისია, მოგეხსენებათ). მეორე ასოციაციად წაწლობა წამოვიდა, რომელიც მაშინვე უკუვაგდე, დავგმე, აღვშფოთდი და სხვა რამისკენ მივმართე ჩემი გონება. 19 წლის სოფიო....

ნუ, 19 წლის სოფიო უკვე გათხოვილი იქნებოდა, ალბათ. მინიმუმ 2 შვილი ეყოლებოდა. არ ეცოდინებოდა ქსოვა და ქარგვა. წარმოდგენა არ მაქვს, უინტერნეტოდ როგორ გაძლებდა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მისი ქმარი ცხვარში წავიდოდა. ნუ, ფანდურზე დაუკრავდა უეჭველი და კიდე რამეზე, რასაც იპოვიდა. შეიძლება 2 ფანდურით რაიმე კომპოზიცია მოეფიქრებინა და მერე თვითონ აღფრთოვანებულიყო საკუთარი საზრიანობით. ხელების მუხლებზე რტყმისას გაიფიქრებდა, ეჰ, ერთი დრამი მომცა და ინტერპოლის ფრესიფითეით დამაკვრევინაო. მერე ამაზე გაახსენდებოდა, ლექციაზე როგორ მღეროდა ტრევისის სიმღერებს და დასევდიანდებოდა. მერე რა, რომ 19 წლის სოფიოს არ ეცოდინებოდა რა მთხლეა ლექცია, ტრევისი, ინტერპოლი, დრამი და მსგავსები, მაგრამ მაინც გაახსენდებოდა. მე მინდა, რო გახსენებოდა.

საჭმლის მომზადებასთან, დარეცხვასთან და მსგავს საქმიანობებთანაც მწყრალად იქნებოდა, რაზეც მთელი სოფელი ილაპარაკებდა, ზეზვას რამ მოაყვანინა ეს გოგოო, აგერ, მე უკეთესს ვატანდიო, ჭკუა არა აქვსო? 19 წლის სოფიო ამას დაიკიდებდა და საღამოობით პოსტებზე იფიქრებდა. და ჩაიწერდა რვეულში. მერე თავის 2 შვილს წააკითხებდა, 3-4 წლის ბაღნებს. გარდა ამისა, ბავშვებს აუცილებლად გაესაუბრებოდა ლიბერალიზმზე, ადამიანის თავისუფლებაზე, წაუკითხავდა რაღაცეებს, შეუჭამდა ტვინს ათასი იდიოტიზმით, მოასმენინებდა სიმღერებს და კმაყოფილი იქნებოდა, არმოსმენას რო ვერავინ გაბედავდა :D

ოჯახი მკაცრი ეყოლებოდა. გაათხოვებდნენ 14 წლისას. ზეზვაზე. არადა თვითონ მზია არ ერქმეოდა. თვითონაც უხეში იქნებოდა მეზობლებთან ურთიერთობაში და იმდროისთვის ფრიად უცნაური ბუნების. გაბრაზებულს არ მოეწონებოდა ვინმეს გადაბრუნებული სიტყვაც კი. ხოოდა, სხვა რა გზა ექნებოდა ამ საწყალ ზეზვას, აიტანდა სოფიოს და სხვა რა გზა ექნებოდა სოფიოს, აიტანდა ზეზვას. აიტანდა მის ცხვრის სუნს და შესაბამისად, აყროლებულ making love პროცესს.

ჰმ.... აი ეს პროცესიც საინტერესო იქნებოდა, თავისთავად. ე.ი. მოვიდოდა ზეზვა, ცხვრის სუნით გაჟღენთილი, მონატრებული გადაეხვეოდა სოფიოს, მიეალერსებოდა... ამ დროს კადრი იქვე სექსუალურად დაგდებულ ნაბადზე გადავიდოდა, ხოლო როცა უკან დაბრუნდებოდა, სოფიო და ზეზვა უკვე ჭერში თვალებაპყრობილები ერთმანეთის გვერდიგვერდ იწვებოდნენ, თუმცა, ზეზვა ალბათ არ მოწევდა. ცხვრის სუნს სიგარეტის სუნი არ უხდება.

ყველაზე სასაცილო სოფიოს კილო იქნებოდა, მთიულური კილო(რომელიც ახლა ყურებში ჩამესმა და ჩავბჟირდი) და ის უბედური ტანსაცმელი მის ტანზე. ქუდი კიდე(რაღაც რო ემხოთ ხოლმე თავზე ქალებს). სოფიოს მაშინაც ეყვარებოდა ქუდები, თუმცა 2-ის მეტი არ ექნებოდა(როგორც ახლა :( ) თავს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით გაირთობდა ხოლმე და გაიფიქრებდა, უუF, ეს რა საინტერესო რამეაო.

მერე მუზა მოუვიდოდა და დაწერდა იმაზე, თუ როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება სადმე სხვაგან რო დაბადებულიყო, მისთვის შესაფერის ადგილას, ან ინგლისში, ან საფრანგეთში ან სადმე, ამათ შორიახლოს. მერე გადაიკითხავდა თავის დაწერილს, აღარ მოეწონებოდა, მაგრამ მაინც დადებდა ბლოგზე. პოსტის ბოლოს კი მიაწერდა, მსგავს თემატიკაზე კიდე დავწერ, to be continued-ო :)
:)

Sunday, April 26, 2009

ამბავი ინტერნეტისა და მეზობლებისა

(წაიკითხეთ სასოწარკვეთილი, გრძნობებით დაღლილი, სევდიანი ხმით მხატვრულად, 'გამოთქმით')

ვზივარ ფანჯრის რაფაზე მარჯვენაიდაყვჩამოდებული და მეოცნებე სახით(სავსე მთვარის მკრთალი შუქი ჩემს სახეს ანათებს  ) ჩემი მეზობლის ლურჯი აივნის მიმართულებით ვიყურები, რომელიც ასე ეულად, მაგრამ მაინც მედიდურად გამოზნექილა დანარჩენ ნაცრისფერ აივნებს შორის... აივანი ზუსტად ასახავს მისი მფლობელის განსაკუთრებულობას, გამორჩეულობას, ორიგინალურობას.

აი ამ რომანტიკულ საღამოს, როცა როგორც იქნა ინტერნეტი მოვიდა, ჩემი კოლოქვიუმზე ფიქრით გადატვირთული გონება მეზობელზე ფიქრმა შეაწუხა... აი ამ რომანტიკულ საღამოს, როცა ყურებში უკვე ყელშიამოსული, მაგრამ მაინც სასიამოვნო მელოდია მესმის, მინდა მეზობელზე პოსტი დავწერო! აეე! ბავშვები გააღვიძეთ! 

ჩემს ზემოთა მეზობელზე ფიქრები სულ ჩემს გვერდითაა, ხშირად აწუხებს ჩემს გონებას. მით უმეტეს მაშინ, როცა სამი ღამის უძინარს ძლივს ძილი მეღირსება. გამთენიისას კი ამ პოსტის მუზა ჩემს ქვემოთა მეზობელს დილის ახალი ამბების გაცნობას დაუწყებს პირდაპირ აივნიდან. აი, იმ გამორჩეული, ლურჯი, დიდი და ნათელი აივნიდან(შესაბამისად, საუბრის ტონი არცთუ ისე დაბალია), მე რო ღამღამობით ვუცქერ ხოლმე. საუბრობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ნათესაობა, მეზობლობა, პოლიტიკა(აქ გამიმართლა, ორივე ერთ პოზიციაზეა და პოლემიკები არ მიდის ხოლმე), რას ვერ აპატიებენ საყვარელ ადამიანს და ა.შ. აი, ასე გადის ნახევარი საათი. ამიტომ, ძილის შებრუნების შანსი არაა. ახალგაღვიძებულს რამდენჯერ შემიმკია უსათნოესი სიტყვებით ჩემი მეზობელი... ეჰ....

ჰმ, ’ის’ მართლაც შეუდარებელი მაღვიძარაა, თანაც, მის ყიდვაში ფული არ დამიხარჯავს და მაშინაც კი მაღვიძებს, როცა წინა ღამეს არ დამიყენებია. მეტიც, უყვარს ექსპერიმენტები გაღვიძების ხერხებში და არ მაცლის რომელიმეს მობეზრებას(ზარებს იცვლის სეზონურად, თავისი გემოვნებით, ჩემი ძალისხმევის და ჩარევის გარეშე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხში ჩვენი გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვევა). და მოყვება ყველის ჩასადები კონტეინერი.

აი როგორც კი ტყემალი გაიფურჩქნება(არადა როგორ მიყვარს გაზაფხული), მაშინ ყოველ დილით მაღვიძებს განწირული ყვირილით: ’ნუ ადიხარ მაგ ხეზე, თორე გამოვუძახე პატრულს, ჩამოდი, ბიჭო, ჩამოდი ჩქარა, ჩამოდიიიიიიიი(წაგრძელებული ი-ებით, ნევროსტიკული, ნამდვილქართულმეზობლური ხმით)!’ ვაი ჩემი ბრალი, თუ ბავშვი ოდნავ ჯიუტია და პირველი დაძახებისთანავე არ ჩამოვიდა...

ყველის ჩასადებ კონტეინერზე გამახსენდა, მისმა ქმარმაც ბევრი ისწავლა მისგან ამ წლების განმავლობაში, ნიჭიერია, კოჭებზე ვატყობ ქვემოთა სართულიდან. სამი წელი რემონტს აკეთებდა. ბჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟ, ფხრრრრრრრრრრრრრ, დღუდღუდღუდღუდღუდღუ დილას, შუადღეს, საღამოს(ახლა უკვე სამუშაო იარაღების გარჩევა შემიძლია სმენით, იმის მიხედვით, თუ როგორ ხმას გამოსცემენ)... ნეტა იცოდეთ, მაშინ როგორ მენატრებოდა მისი ცოლის ’ჩამოდიიიიიიიიი’ ან ’გოგო, ნაზი, იყო შენი ქმარი გუშინ ექიმთაან?’ თქვენ გგონიათ, რემონტი ახლა დასრულებულია? ნურას უკაცრავად!!! პერიოდულად(სადღაც 2 კვირაში ერთხელ) მოუნდება ხოლმე რაიმე დეტალის(ისეთი დეტალის, როგორიცაა კედლის მონგრევა, პარკეტის აყრა) შეცვლა და თავს შემახსენებს ხოლმე...


(აქ ხანგრძლივი პაუზა)

ჰოი საკვირველებავ! მოხდა სასწაული! რამდენიმე დღე მათი წკრუნი არ მესმოდა. ავღელდი, თითქოს ადგილს ვერ ვპოულობდი, დავდიოდი გაშმაგებული სახით აქეთ-იქით. ამას დაერთო კიდევ ერთი უბედურება - ინეტი წავიდა(ჩემი მოპარული ინეტი, რომელსაც კომპი ჰაერში იჭერს)... ისე წავიდა, არც დამემშვიდობა და ჩემი ზემოთა მეზობელივით ხმას არ იღებდა.

ჩაჩუმდა და მოკვდა ჩემი სამყარო.

ოთხი დღის, ოთხი საოცარი, უბედნიერესი, მაგრამ ამავდროულად სევდიანი და ცრემლიანი დღის შემდეგ ზემოთ რაღაც გაფაჩუნდა და ჩემმა გულმა ეს უმალვე იგრძნო...

ინტერნეტმაც.

(ხანგრძლივი პაუზა, შემდეგ ამოსუნთქვა, შთაგონებული სახის დაყენება... განაგრძეთ)

მეზობლებო, ძვირფასო მეზობლებო, საყვარელო მეზობლებო, არ წახვიდეთ!
გამაღვიძეთ ყოველ დილით, არ დამაძინოთ ყოველ ღამე, დამსაჯეთ, გამტყიპეთ, გამომასწორეთ, კარგი პოსტები დამაწერინეთ, ოღონდ არ წახვიდეთ!

მადლობა, რომ არსებობთ და გაქვთ უსადენო ინტერნეტი! 
მე თქვენზე ცუდი არასდროს წამომცდება(ხომ ხედავთ, რაოდენი სიყვარულით და მოწიწებით დავწერე ეს პოსტი), ოღონდ აღარ წახვიდეთ სოფელში! მე თქვენ ინტერნეტივით მჭირდებით!
:სიყვარულისსმაილიკი:

Wednesday, April 1, 2009

გიჟები თბილისში



1. ნამდვილი გიჟები:

ვინც თსუ-ში სწავლობთ, აუცილებლად გეცოდინებათ ერთი მათხოვარი ქალი, რომელიც რუსთაველიდან უნივერსიტეტის მეხუთე კოპრუსამდე მოძრაობს ხოლმე. საოცარი ქალია. თითქმის ყოველდღე ვხედავ, შევეჩვიე რაღაცნაირად :D

ხოდა, მოგეხსენებათ, რაღაცა არსებობს და მე და ჩემს 2 მეგობარს ’ფაქტიურად კურიოზები’ არ მოგვაკლო. ჯერ ჩემთან მოვიდა(გაჩერებაზე ვიდექი) და ნანას გოგო ხარ შენო? მე დავიბენი და კი-მეთქი(არ ვარ ნანას გოგო :D). რამხელა გოგო ჰყავს ნანასო... როგორააო? კარგად-მეთქი. კაიო. კიდე რაღაცეები მითხრა და წავიდა.

Stanley_roads - ს საქმიანი სახით დაუწყო საუბარი, სომხები 800 წელიწადი მეფობდნენ ჩვენთანო...

Rosies_Lullaby - ს კიდე ქუჩაში შეხვდა და უთხრა, როგორ გიხდება ეს მომენტიო და გაიარა.

აშკარად კრეატიული ტიპია... :D

2. წამლისგან ან სასმელისგან გაგიჟებულები
რამდენიმე დღის წინ ვიმგზავრე მეტროთი და ჩამოვედი დიდუბეში. ჰოდა, მივდივარ, ველაპარაკები Rosies_Lullaby-ს და ჩემზე 1 თავით დაბალი ბიჭი მოდის ჩემსკენ გაბრდღვიალებული სახით და ხელი აქვს გამოშვერილი ჩემსკენ. უცებ ’სიხარულო, როგორ ხარო’ და ხელი თმებში ’შემიცურა’. ხოდა, მომაგლიჯა ლამის. მერე დაიხედა ხელზე და უყურებდა დიდხანს ჩემს მოგლეჯილ თმებს...(რომანტიკა) 

მე მხოლოდ გაკვირვება მოვასწარი.

3. ნორმალური გიჟები - მოსახლეობის 50%
დღეს ქუჩაში მოვდიოდით ტროტუარზე სამნი. და მანქანები არ დადოდნენ საერთოდ. ცარიელი იყო ქუჩა. მოდიოდა ქალი და სიცილით გვითხრა, რა არი, სად გავიარო ახლა აბა მეო და მკლავზე მიჩქმიტა(ოღონდ სიყვარულით რო იციან ხოლმე ჩქმეტა მეზობლებმა, ახლობლებს რო მოიკითხავენ ხოლმე).

მე მხოლოდ გაკვირვება მოვასწარი. 




Saturday, March 21, 2009

სიტუაცია

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი გუშინწინისწინდელი გამოცდილება და შემომეთავაზებინა რჩევები, თუ როგორ არ უნდა მოიქცეთ გარკვეულ სიტუაციებში.

მაშ, როდესაც მოდიხართ უნივერსიტეტიდან დაღლილები, ხვდებით საყვარელ მეგობარს, გინდათ ერთად იმგზავროთ ავტობუსშიც, ისაუბროთ, თუ რამეა ცალ-ცალ ნაუშნიკში მოუსმინოთ მის ამჟამად საყვარელ არქტიკას ან რამე მსგავსს და ამ დროს..... ნომერ 64-ში ასულს გხვდებათ ადამიანი, რომლის შეხვედრა ყველაზე ნაკლებად გინდოდათ იმიტომ კი არა, რომ ვერ ვიტანთ ან რამე მსგავსი, უბრალოდ, იმიტომ, რომ ამ ადამიანთან სალაპარაკო არაფერი გაქვთ, თან ერთი გზა გიძევთ და იცით, რომ ავტობუსის რომანტიკას დღეს ვერ შეიგრძნობთ, არ იქნება არანაირი რომანტიკული მუსიკა და შუშაზე თავის მიდებები...

მით უმეტეს, თუ ამ ადამიანმა ბავშვობაში შეგაშინათ(მოგეხსენებათ, ბავშვობის შიში არსად ქრება). წარმოიდგინეთ, ხართ სახლში მარტო, 12-13 წლის და უყურებთ მულტფილმებს, ცხოვრობთ პირველ სართულზე. ამ დროს ეზოდან აი ის ბიჭი გეძახით და გეუბნებათ, რომ თქვენთან უნდა ამოსვლა და კარი გაუღოთ. ნუ, თქვენ შეგეშინდათ და რამე ტყუილს ეუბნებით, მაგალითად, ასეთს: მშობლებმა გარედან ჩამკეტეს და კარს ვერ გაგიღებ. მაგრამ, ვაჰმე, ამით პრობლემას ვერ გადაწყვეტთ, რადგან არ დაგავიწყდეთ, თქვენ პირველ სართულზე ცხოვრობთ! უცებ თქვენი ნაცნობი მობობღავს კედელზე და გეუბნებათ, რომ ეგ პრობლემა სულაც არაა, ფანჯრიდან გადმოვა. უცნაურია, მაგრამ თქვენ სულაც არ ავლებთ პარალელს კოშკში გამომწყვდეულ ნაწნავებიან პრინცესასთან და მამაც გმირთან, რომელიც მზადაა ფანჯრიდანაც კი აძვრეს სატრფოს დასახსნელად. შესაბამისად, უჩვეულო სიტუაციით გაკვირვებული ძალიან მშვიდად და აუღელვებლად ეუბნებით ხომ არ გაგიჟდა და რომ მამათქვენს ეტყვით :D ნაცნობი მშვიდდება და უბრუნდება დისლოკაციის ადგილს.

აი ზუსტად ამ ნაცნობს ავტობუსში ზრდილობიანად უკრავთ თავს და გამარჯობას ეუბნებით, გინდათ მეგობართან დაჯდეთ, მაგრამ, ვაჰმე, მეგობართან კიდე ვიღაც ზის. ნაცნობი კი გიღიმით და ხელის სკამზე ჯიგრულად დაკვრით გთავაზობთ მის გვერდით დაჯდომას.

რჩევა პირველი: არ დაჯდეთ! დაუთმეთ მოხუცს! ან ვითომ უკანალში მარილიანი ტყვია მოგხვდათ და ვერ ჯდებით! მოკლედ, რამენაირად აიცილეთ შემდეგნაირი გართულებები:

მაშ, მორცხვად, კდემითა და თავმდაბლობით ჯდებით სკამზე და ზრდილობის გულისთვის ეკითხებით როგორ არის. ისიც ძალიან საყვარლად გიყვებათ, რომ კარგად არის, ვარჯიშიდან მოდის და მგონი, ცივდება.  ისიც, თავისთავად თქვენს ამბებს გეკითხებათ. მოგეხსენებათ საქართველოში ვცხოვრობთ და ამ კითხვაზე პასუხი ზეპირად იცით. სწრაფად მოუყვებით ამბებს, რასაც მოსდევს ხინკალზე საუბარი(აღარ მახსოვს რატომ). აი აქდან იწყება თხრობა ნაცნობის მეგობრებზე, რომლებიც ბისესმენები არიან(მართლა ასე თქვა!), ძროხებზე, ფერმებზე და იმაზე, თუ რას გვიშვრება ეს მთავრობა. თქვენ ავტომატურად უქნევთ თავს და აყოლებთ შეძახილს 'ჰო', 'აბა, აბაა'. მერე საკუთარ თავზე გეცინებათ, მაგრამ ვერ გაიცინებთ, ბოლოს და ბოლოს, რა არის ძროხებში სასაცილო?! 

რჩევა მეორე: არ გაიცინოთ! და არ აყვეთ საუბარში - ბოლოს და ბოლოს იმედი მაინც გექნებათ, რომ მალე მორჩება.

მაგრამ რა უნდა ქნათ, როცა იმედი იმედადვე რჩება და მთხრობელი უფრო მეტად საინტერესო თემაზე გადადის კითხვით 'გყავთ თუ არა შეყვარებული'. უარყოფითი პასუხის შემდეგ გაკვირვებული გეკითხებათ მიზეზს. აი აქ მაგრად იბნევით, მაგრამ ვინ გაცდით დაბნევას და დაფიქრებას? ეგრევე გადადის შეტევაზე, რომ თვითონ ყავს შეყვარებული, მაგრამ არ იცის უყვარს თუ არა. რაც მთავარია, სიამაყით აღნიშნავს, რომ გოგო გიჟდება მასზე, მაგრამ ის თავს იკავებს. თქვენც ძალიან გამოცდილ სახეს იღებთ და საქმიანად ეუბნებით, რომ ის მართალია, საერთოდ რა საჭიროა აჩქარება!

რჩევა მესამე: არ აყვეთ-მეთქი, არ აყვეთ!!!

აი ამ სიტყვების მერე ნაცნობი რაღაცაზე ფიქრობს და ფანჯარაში იყურება, კიდევ ერთხელ აღმოხდება 'აუ, მგონი, ვცივდები’ და თქვენ მზრუნველი ტონით ეკითხებით: 'რატო?'

რჩევა მეოთხე: აბა, ნორმალურები ხართ? რა მზრუნველი ტონი? რა რატო? რატო გაცივდი რა შეკითხვაა? აი მეხუთე ელემენტში რო ქალს მიუგზავნიან ბრიუს უილისის გმირს, აისბერგი რო ქვია, მაგ ქალად უნდა გადაიქცეთ!




თქვენი მეგობარი ჩადის ავტობუსიდან და ახლა უკვე მარტო რჩებით განსაცდელის წინაშე. ჩასვლისას გკოცნით. მეგზური შემოგიტრიალდებათ და ამას აპროტესტებს.
თქვენ ამასაც დაიკიდებთ და გაუღიმებთ.

მერე უცებ სიცილი უტყდება. თქვენ გაოცებული უყურებთ და ელოდებით, როდის იტყვის რამე სასაცილოს. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ მეგზურს ამბის მოყოლა უნდა: თუ როგორ ჰყავდა 5 შეყვარებული ერთად და როგორ ატყუებდა ხუთივეს, ხოლო როცა ერთი გოგო ნახა, რომელიც ამ ხუთივეს სჯობდა, ის 'შეყვარებულები' ერთმანეთს შეახვედრა და გააცნო. ამის შემდეგ სულ დეგენერატი ეძახეს თურმე!

რჩევა მეხუთე: ამ დროს უკვე სერიოზულად შედიხართ აზარტში და გულმოდგინეთ უსმენთ, მოუსმინეთ, მოუსმინეთ და კარგად დაიმახსოვრეთ - ბლოგზე მაინც დაწერთ!

ამ ამბის შემდეგ სევდიანად გადაქინდრავს თავს და ისევ ფანჯარას მიაყუდებს. თქვენ გული გიჩუყდებათ და ამ გენიალური სურათის მნახველებს გინდებათ, რომ ეს ამბავი ბლოგზე დაიწეროს. აი აქ გიბრწყინდებათ თვალები! აი აქ არის თქვენი ბედნიერება სრული! აი ეს არის ის და თქვენ ხართ თქვენ!

რჩევა მეექვსე: არ კითხოთ არაფერი ბლოგებზე და კომპიუტერებზე, ამან შეიძლება უამრავი უკუჩვენება მოგცეთ.

მაგრამ თუ ენა არ დაგემორჩილათ ან უბრალოდ ვერ გაითვალისწინეთ შესაძლო შედეგები და მაშასადამე, არ იმოქმედეთ მიზან-რაციონალურად, მაშინ დაგერხათ.
პირველად ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ის გპასუხობთ, რომ კომპიუტერი სახლში არა აქვს, მაგრამ აქვს მეგობარს.
აქედან თქვენ ასკვნით, რომ ე.ი. ბლოგებზე წოწიალის თავი არ აქვს, მეტიც, საერთოდ არ იცის ალბათ რა არის ბლოგი.
მაგრამ, სამაგიეროდ იცის რა არის ოდნოკლასსნიკები! და წესიერად ფიქრსაც არ გაცლით ისე გეუბნებათ, რომ ოდნოკლასსნიკებში გიპოვით. აი მაშინ აყრით ქოქოლას საკუთარ თავს, რომ საერთოდ რად გინდოდათ ექაუნთის შექმნა... მით უმეტეს ნაცნობმა გვარი იცის და ვერ მოატყუებთ, რო თქვენ ჟუჟუნა მაღვალანწკია ხართ...

რჩევა მეშვიდე: გააუქმეთ ოდნოკლასსნიკების ექაუნთი! ან არ შექმნათ საერთოდ. რა ჭირად გინდათ თუ მაინც არ შედიხართ ჩემსავით!

მერე მოდის კიდევ ერთი შემოთავაზება: 'დამამატე სკაიპში, ჩემი აიდი არის ----(აღარ მახსოვს, რა თქა უნდა).' თქვენ აზუსტებთ აიდის და ათასჯერ იმეორებთ, ვითომ გულით გსურთ მისი დამახსოვრება. თქვენდა გასაოცრად ის თქვენს აიდის არ გეკითხებათ, სამაგიეროდ ავტობუსიდან ჩასული მიყავხართ მისი სახლის ფანჯრების სანახავად. თქვენ ბავშვობის ამბები გახსენდებათ და შიშით მიყვებით. ის ერთი მხრიდან ფანჯარას გაჩვენებთ, მეორე მხრიდან აივანს და გეუბნებათ დაიმახსოვროთ. თქვენც ყურადღებით იყურებით ზემოთ და თავს უქნევთ, თუმცა ახლომხედველი ხართ და ვერაფერს არჩევთ. მერე რა, ვითომ დაიმახსოვრეთ!

რჩევა მერვე და ბოლო: ახალი სკაიპი შექმენით ექსკლუზიურად მათთვის, ვინც ასე უდროო დროს შეგხვდებათ. დაირქვით რამე ოდნოკლასსნიკური სახელი sofo_d -ს პონტში და არსად წამოგცდეთ ბუდა, ბრიკოლერი, ლამბალო და მსგავსი მაიმუნობები!

წარმატებებს გისურვებთ იმ იმედით, რომ ეს სიტუაცია და რჩევები რამეში დაგეხმარებათ( :D )
გთხოვთ ეს ისტორია და ამ ბლოგის მისამართი არსად წამოგცდეთ. მე კიდევ იმედი მაქვს ასეთი სახის ჭორაობისთვის არ დავისჯები :D